საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.
24News.ge იუწყება, რომ შეხვედრაზე ქვეყნის ლიდერებმა საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას და ხალხს შორის მეგობრობა და ძმური ურთიერთობები მყარდება.
„ტრადიციული შეხვედრები ემსახურება ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების ერთმანეთთან დაახლოებას. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები ცხოვრობდნენ მეგობრული მეზობლობისა და მეგობრობის პირობებში და ასეა დღესაც. ეს მნიშვნელოვანია. ორივე ჩვენი ქვეყანა, თავის დროზე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა რეგიონისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიისთვის.
სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ჯერ ბოლომდე არ დამყარებულა. დღეს, ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ამ საკითხსაც შევეხეთ. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების დრო დადგა.
საერთაშორისო ორგანიზაციებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს უჭერენ მხარს და გვერდში დგანან ჩვენი ხალხების ინტერესების ამსახველ საკითხებში. ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია და აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახაა. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას სხვა სფეროებში, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები როგორც ენერგეტიკის, ისე სატრანსპორტო სფეროში და რა თქმა უნდა დიდი წარმატებები გვაქვს“.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და იქნება გრძელვადიანი.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროებში. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. წელს სავაჭრო ბრუნვა აგრძელებს ზრდას. გასული პერიოდის განმავლობაში ის უკვე გაიზარდა 15 პროცენტით.
ასევე ვიწყებთ ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც საბოლოო ფაზის დასრულების შემდეგ 100 მილიონი ტონა იქნება. ასევე, ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ყველა ამ პროექტში. გარდა ამისა, რამდენიმე თვეში დასრულდება წარმატებით განხორციელებული ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პერსპექტივა, შორსმჭვრეტელი ხედვა. ჩვენ გვინდა დავმყაროთ ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის“.
აღსანიშნავია, რომ ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში მიიწვია.